X
მისწერე მინისტრს მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

ირაკლი ქარსელაძე - ეს პროექტები არის უმნიშვნელოვანესი მხარდაჭერა რეგიონული განვითარებისთვის და საბაზისო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისთვის

20 თებერვალი 2021

მიუხედავად პანდემიის გამოწვევებისა შედეგები ნამდვილად გამორჩეული იყო,  განხორციელდა უმნიშვნელოვანესი პროექტები,  დღეს უკვე თბილისიდან ბათუმში შეიძლება 4 საათში ჩახვიდე  უსაფრთხოდ ოთხზოლიანი მაგისტრალით და ეს სწორედ იმის  შედეგია, რომ მხოლოდ 2020 წელს მოვახერხეთ და ყველამ ერთად გავხსენით 70კმ მაგისტრალური გზა, ხაშურის შემოვლითი, ქუთაისის შემოვლითი და ჯაპანა-ლანჩხუთი“-ამის შესახებ  პარლამენტში მთავრობისადმი ნდობის გამოცხადებისას  საკომიტეტო მოსმენაზე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ქარსელაძემ განაცხადა.

მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა რომ  მაგისტრალური გზების მშენებლობა  არის ერთ-ერთი პრიორიტეტი, 2021 წელს მიუხედავად რეკორდული 2020 წლის ინვესტიციების რაოდენობისა 30 %-ით იზრდება  დაფინანსება სწორედ მაგისტრალური პროექტების მიმართულებით.

,,ბუნებრივია როდესაც მაგისტრალურ პროექტებზე ვსაუბრობთ, აქ არა მხოლოდ მასშტაბზე, არამედ ტექნიკურ, ტექნოლოგიურ და  საინჟინრო სირთულეებზეც ვსაუბრობთ. ამჟამად რიკოთის ყველაზე გამომწვევ მონაკვეთზე ნამდვილად საუკუნის პროექტი ხორციელდება, დღეს 53-დან 39 გვირაბის და 96-დან 61 ხიდის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. 2020 წლის პანდემიის გამოწვევების  მიუხედავად  არცერთი დღით არ შეგვიჩერებია არცერთი სისტემური პროექტი , ბუნებრივია სიტუაციას  თავისი ზეგავლენა ჰქონდა, თუმცა ერთიანობაში შეიძლება ითქვას,რომ იმ დაგეგმილ ნიშნულს გადავაჭარბეთ რიკოთის მიმართულებით და ზოგადად მაგისტრალური გზების მიმართულებით „-განაცხადა მინისტრობის კანდიდატმა. 

მისივე თქმით, გრძელდება ოთხივე მიმართულებით რიკოთის სამუშაოები, ჩუმათელეთი-ხევი, ხევი-უბისა, უბისა-შორაპანი, შორაპანი -არგვეთა, სამტრედია-გრიგოლეთის პირველი და მეოთხე ლოტი , სადაც ასევე ინტენსიურად გრძელდება სამუშაოები ,რათა შემდგომში უკვე შესაძლებელი იყოს მარტო პირველი ლოტის გახსნის პირობებში 86 კმ არგვეთა და ლანჩხუთამდე  ოთხზოლიანი სრულიად უსაფრთხო, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი გზით სარგებლობა. ბათუმის შემოვლითი გზა რომელიც მნიშნელოვანია ,როგორც აღმოსავლეთ-დასავლეთ დერეფნის ჭრილში ასევე რა თქმა უნდა ბათუმის,როგორც კურორტის და კიდევ უფრო მეტი  შესაძლებლობის და გამართული კომუნიკაციის უზრუნველსაყოფად. 

,,2021 წელს ვაგრძლებეთ ქვეშეთი-კობის ისტორიული პროექტის განვითარებას.  ეს არის უწყვეტი 9კმ-იანი საავტომობილო გვირაბი , 15 მეტრიანი დიამეტრის კლდოვან გრუნტებში , ამ პარამეტრების გათვალისწინებით ნამდვილად მსოფლიოში უნიკალურ პროექტთან გვაქვს საქმე და ის საბურღი მანქანა ,რომელიც სპეციალურად ამ პროექტისთვის დამზადდა , ვადაზე ადრე უკვე საქართველოშია. ვაგრძელებთ რეგიონში დამაკავშირებელ გზებს. 2020 წელს დავიწყეთ და ინტენსიურად გაგრძელდება იმერეთ-რაჭის დამაკავშირებელი გზა , საჩხერე-ონის 51კმ-იანი გზა 2021 წელს დასრულდება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ რეგიონალური კავშირის თვალსაზრისით, არამედ იმ ახალი ბიძგისთის, იმ ახალი შესაძლებლობებისთვის,რომელიც უკვე რაჭის მთლიან რეგიონს გაუჩნდება, როგორც ონის ასევე ამბროლაურის მუნიციპალიტეტებს. რა თქმა უნდა, გრძელდება ბაღდათი აბასთუმანი,  ხულო-ზარზმა, ლენტეხი -მესტია  და მრავალი სხვა უმნიშვნელოვანესი პროექტი,ისევე როგორც უკვე 2021 წელს 200კმ-მდე გზა იქნება ფოთში, ზუგდიდში და ქუთაისში დასრულებული . მრავალი მათგანი უკვე 2020 წელს დასრულდა და ეს ნამდვილად არის უმნიშვნელოვანესი მხარდაჭერა რეგიონალური,  ქალაქების განვითარებისთვის და მათი საბაზისო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების თვალსაზრისით.“-აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.